დომენური სახელების რეგისტრაციის წესები დომენზე .გე


დომენზე .გე დომენური სახელების რეგისტრაციის წესები (შემდგომში „წესები“) არეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა დომენზე .გე დომენური სახელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ეს წესები არ ვრცელდება დომენური სახელების მეშვეობით გავრცელებულ და გადამისამართებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ურთიერთობებზე.

 

  1. ტერმინები და განსაზღვრებები

1.1. ქვემოთ მოყვანილ წესებში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განსაზღვრებები:

ადმინისტრატორი - მომხმარებელი, რომლის სახელზეც რეესტრში დომენური სახელია რეგისტრირებული;

ადმინისტრირება - ამ წესებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელება ადმინისტრატორის მიერ;

რეგისტრაციის ანულირება - დომენური სახელის შესახებ ინფორმაციის ამოღება/წაშლა რეესტრიდან;

დომენის დელეგირება - დომენური სახელის ინფორმაციისა და შესაბამისი DNS სერვერების განთავსება და შენახვა ზედა დონის DNS სერვერებზე, რაც ინტერნეტის ქსელში დომენური ადრესაციის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა;

დომენი - დომენური სახელების სივრცის იერარქიული ოლქი (შტო), რომელიც უნიკალური დომენური სახელითაა აღნიშნული და DNS სერვერების ნაკრები ემსახურება;

დომენი .გე - ზედა დონის დომენი უნიკალური აღნიშვნით „გე“;

დომენური სახელი - ქსელური ადრესაციისთვის განკუთვნილი სიმბოლური აღნიშვნა, რომელშიც  დომენური სახელების სისტემა (DNS) გამოიყენება;

კოორდინატორი - უფლებამოსილი იურიდიული პირი, რომელიც ქართული და მსოფლიო ინტერნეტ-საზოგადოების ინტერესებისთვის ახორციელებს დომენის .გე მართვას და უზრუნველყოფს რეესტრის ფუნქციონირებას;

უპირატესი გახანგრძლივების პერიოდი - დროის პერიოდი დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ვადის გაგრძელების უპირატესობა მიმდინარე ადმინისტრატორს ენიჭება;

დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერა - რეგისტრატორის ქმედებები დომენურ სახელთან და მის ადმინისტრატორთან დაკავშირებული მონაცემების რეესტრში შეტანის, შეცვლისა და წაშლის თაობაზე;

მომხმარებელი - დომენური სახელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებების შემკვეთი ან გამომყენებელი პირი;

დომენური სახელის რეგისტრაციის გაგრძელება - რეესტრში დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის შესახებ ცნობის შეტანა;

რეგისტრატორი - კოორდინატორის მიერ აკრედიტებული იურიდიული პირი დომენური სახელების რეგისტრაციისთვის დომენზე .გე;

დომენური სახელის რეგისტრაცია - რეესტრში დომენური სახელის, მისი ადმინისტრატორისა და წესებით დადგენილი სხვა ცნობების შეტანა;

რეესტრი - კოორდინატორის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს მონაცემებს მეორე დონის რეგისტრირებული დომენური სახელების, მათი ადმინისტრატორების შესახებ და სხვა აუცილებელ მონაცემებს;

კოორდინატორის საიტი - კოორდინატორის ოფიციალური საიტი ინტერნეტის ქსელში, რომელიც განთავსებულია მისამართზე http://რეგისტრაცია.გე ;

სერვერი DNS - პროგრამულ-აპარატული კომპლექსი, რომელიც დომენური სახელების ქსელურ მისამართებში (IP-მისამართები) ტრანსლაციას უზრუნველყოფს;

stop list - სიმბოლური ნიშნების და მათი ნაკრების ჩამონათვალი, რომელთა რეგისტრირებაც დომენურ სახელებად ხელმიუწვდომელია.

 

  1. ზოგადი დებულებები

2.1. დომენური სახელების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის პირობები და წესები განისაზღვრება „რეგისტრაციის მომსახურების გაწევის წესებითა და ხელშეკრულებით“ (შემდგომში - ხელშეკრულება).   

2.2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს კოორდინატორის საიტზე წესების ტექსტური გვერდის ბმულს და მითითებას ხელშეკრულებების პირობებთან მიმართებაში წესების ნორმათა პრიორიტეტულობის შესახებ. რეგისტრატორი ვალდებულია მომხმარებელს წესების ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო ფორმით გაცნობის საშუალება მისცეს.

2.3. რეგისტრატორის ხელშეკრულება მომხმარებელთან საჯაროა. მომხმარებელს უფლება აქვს ხელშეკრულება გააფორმოს ნებისმიერ რეგისტრატორთან.

2.4. რეგისტრატორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სანდო და სრული ინფორმაცია თავისი დასახელების, ადგილმდებარეობის (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი), და მომსახურების გაწევის სხვა არსებითი პირობების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

2.5. მომხმარებელი (ადმინისტრატორი) ვალდებულია რეგისტრატორს მიაწოდოს უტყუარი ცნობები სრული მოცულობით წესებითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესახებ, ასევე დროულად აცნობოს რეგისტრატორს მის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში შეტანილი ცვლილებების შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში რეგისტრატორს წარუდგინოს დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.6. რეგისტრატორის მოთხოვნები და შეტყობინებები, რომლებიც გაგზავნილია მომხმარებლის (ადმინისტრატორის) მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სათანადო წესით გაგზავნილად მიიჩნევა.

2.7. რეგისტრატორს უფლება აქვს განსაზღვროს მომხმარებლის (ადმინისტრატორის) განაცხადის გაფორმების, მიწოდების, განხილვის, ანაზღაურების წესი, ასევე წესებით განსაზღვრული ქმედებების შესრულების სხვა პირობები.

რეგისტრატორის მიერ დადგენილი მოთხოვნები და პროცედურები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ წესებსა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

2.8. რეგისტრატორი ვალდებულია მომხმარებელს (ადმინისტრატორს) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნოს შეტყობინება განაცხადის შესრულების შედეგების შესახებ.

2.9. რეგისტრატორს არა აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დომენური სახელის თაობაზე მესამე პირების პრეტენზიის დაკმაყოფილების თაობაზე.

პირს, რომელიც ვარაუდობს, რომ ადმინისტრატორის მიერ დომენური სახელის ადმინისტრირება არღვევს მის უფლებებს (კერძოდ, უფლებებს სასაქონლო ნიშნის, საფირმო დასახელების, სხვა ინტელექტუალური საკუთრების, არაკომერციული ორგანიზაციის ან სახელმწიფო ორგანოს დასახელების შესახებ), უფლება აქვს პრეტენზია წაუყენოს ადმინისტრატორს ან შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს.

2.10.  რეგისტრატორი და კოორდინატორი პასუხს არ აგებენ ადმინისტრატორის წინაშე არანაირ ქმედებაზე, რომელიც მიმართული იქნება დომენური სახელის მოქმედების შეზღუდვისა და/ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის აღსრულებისკენ.  

2.11. რეგისტრატორი მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ქმედებებზე, რომლებიც დომენური სახელის რეგისტრაციის პროცედურებიდან და მის შესახებ მონაცემების უზრუნველყოფიდან გამომდინარეობს. რეგისტრატორს არ აქვს პასუხისმგებლობა დომენური სახელების სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შესაძლო დარღვევაზე, რომელიც შეიძლება განპირობებულ იყოს ინტერნეტის ქსელის ტექნიკური თავისებურებებით და რეგისტრატორის კონტროლის სფეროს მიღმა მყოფი მიზეზებით.

2.12. მომხმარებელს უფლება აქვს გაწყვიტოს კონტრაქტი რეგისტრატორთან. ამასთან, რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს ყველა დომენური სახელის რეგისტრაციის ანულირება, რომელთაც რეგისტრატორი მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე ინახავდა.

2.13. კოორდინატორს უფლება აქვს დომენური სახელები დაარეგისტრიროს სახელმწიფო საჭიროებებისა და საწესდებო მიზნების შესრულებისთვის. მითითებული დომენური სახელების რეგისტრაცია და უზრუნველყოფა ხორციელდება კოორდინატორის მიერ განსაზღვრული წესით.

2.14.  რეგისტრატორის უმოქმედობის დროს ისეთ შემთხვევებში, რომლებიც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, კოორდინატორს უფლება აქვს შეასრულოს რეგისტრატორისთვის სავალდებულო ზოგიერთი ან ყველა ფუნქცია, რაც დარეგისტრირებულ დომენურ სახელს ეხება. ამასთან ერთად, კოორდინატორი პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე ადმინისტრატორისა და რეგისტრატორის წინაშე.

 

  1. დომენური სახელის რეგისტრაცია

3.1. მოთხოვნები დომენურ სახელებთან

3.1.1. დომენური სახელი დომენში .გე უნდა შედგებოდეს საკუთარი აღნიშვნისგან, რომელიც უნიკალური იქნება ზედა დონის დომენის ფარგლებში და სიმბოლოსგან „.გე“.

საკუთარი აღნიშვნა უნდა პასუხობდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:

1) შეიცავდეს სულ მცირე ორ სიმბოლოს;

2) შეიცავდეს არ უმეტეს 63 სიმბოლოს;

3) იწყებოდეს და მთავრდებოდეს ასოთი ან ციფრით;

4) არ შეიცავდეს სიმბოლოებს, განსხვავებულს ასოების, ციფრების ან დეფისისგან;

5) არ უნდა შეიცავდეს დეფისებს 2 პოზიციაზე ერთდროულად ერთმანეთის გვერდზე.

 

3.1.2.  რამდენადაც რეგისტრატორს არ აქვს უფლება უარი თქვას მომხმარებლის მიერ შერჩეული დომენური სახელის რეგისტრაციაზე ამ წესებში გაუთვალისწინებელი პირობების საფუძველზე, მომხმარებელი (ადმინისტრატორი) დამოუკიდებლად აგებს პასუხს დომენური სახელის შერჩევაზე და მესამე პირების უფლებების შესაძლო დარღვევაზე, რაც შეიძლება დომენური სახელის შერჩევასთან და რეგისტრაციასთან იყოს დაკავშირებული, ასევე მას აკისრია ამ დარღვევებთან დაკავშირებული ზარალის რისკებიც.

თუ მესამე პირების მიერ წარდგენილი იქნება სასამართლო სარჩელი რეგისტრატორის (კოორდინატორისთვის) ადმინისტრატორის მიერ დომენური სახელის რეგისტრაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, ადმინისტრატორი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში რეგისტრატორს (კოორდინატორს) აუნაზღაუროს ზარალი (მათ შორის იურიდიული დახმარების და სასამართლოში წარმომადგენლობის ხარჯები), რაც რეგისტრატორმა და კოორდინატორმა ამ სარჩელთან დაკავშირებით განიცადა.

3.1.3. შესაძლო დარღვევების პრევენციისთვის მომხმარებლისთვის რეკომენდებულია განაცხადის გაკეთებამდე დარწმუნდეს დასარეგისტრირებელი დომენური სახელის მსგავსი სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებების, სხვა ინტელექტუალური საკუთრების, კომერციული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების დასახელებების არარსებობაში.

3.1.4. მომხმარებელს არ აქვს უფლება დაარეგისტრიროს დომენური სახელი სიტყვებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს, ჰუმანიზმისა და მორალის პრინციპებს (კერძოდ, უხამსშინაარსიანი, ანტიჰუმანური ხასიათის მოწოდებების შემცველი, ადამიანური ღირსების ან რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი სიტყვები და სხვ.).

3.2. რეგისტრაციის წესი

3.2.1. დომენური სახელის რეგისტრაცია ხორციელდება მომხმარებლის განაცხადის საფუძველზე მომხმარებლის მიერ ამ წესებისა და ხელშეკრულების ყველა მოთხოვნის შესრულების პირობით.

დომენური სახელის რეგისტრაციის განაცხადის გაკეთებამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ამ წესებს.

3.2.2. რეგისტრატორი ვალდებულია დომენური სახელის რეგისტრაციაზე უარი თქვას, თუ:

1) დომენური სახელი რეესტრში უკვე არსებობს;

2) დომენური სახელი stop list-ში შეტანილ აღნიშვნას ემთხვევა;

3) დომენური სახელი არ შეესაბამება ამ წესებში მოყვანილ ტექნიკურ მოთხოვნებს;

4) მომხმარებელმა არ წარმოადგინა წესებით დადგენილი ინფორმაცია ადმინისტრატორის შესახებ.

3.2.3. რამდენადაც რეგისტრაციის სისტემა იყენებს განაცხადების დამუშავების ავტომატიზირებულ საშუალებებს, რეგისტრატორს მომხმარებლების მიერ შერჩეული დომენური სახელების წესებთან შესაბამისობის უწყვეტ რეჟიმში შემოწმების ტექნიკური შესაძლებლობა არ გააჩნია. თუმცა შერჩევითი შემოწმებისას რეგისტრატორს უფლება აქვს უარი თქვას დომენური სახელის რეგისტრაციაზე, რომელშიც გამოყენებული სიტყვები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს, ჰუმანიზმისა და მორალის პრინციპებს (კერძოდ, უხამსშინაარსიანი, ანტიჰუმანური ხასიათის მოწოდებების შემცველი, ადამიანური ღირსების ან რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი სიტყვები და სხვ.). ამასთან, რეგისტრატორს რეგისტრაციაზე უარის თქმასთან ერთად, უფლება აქვს აცნობოს კოორდინატორს ამ აღნიშვნის შესახებ, მისი stop list ში შეტანის გადაწყვეტილების მისაღებად.

3.2.4. დომენური სახელის რეგისტრაციაზე უარის თქმა ამ წესებით განსაზღვრული მიზეზების გარდა დაუშვებელია.

უარის თქმისთვის საფუძველის არქონის შემთხვევაში რეგისტრატორი დომენური სახელის რეგისტრაციას ახორციელებს სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

3.2.5. რთსა და იმავე დომენურ სახელზე რამდენიმე განაცხადის არსებობის შემთხვევაში რეგისტრატორი აკმაყოფილებს განაცხადს, რომლისთვისაც პირველად მოხდა გადახდა. რეგისტრატორს არ აქვს უფლება დაარეგისტრიროს დომენური სახელი საკუთარ სახელზე, თუ მას აქვს განაცხადი მომხმარებლისგან იგივე დომენურ სახელზე და ამ განაცხადისთვის ამ წესებითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შესრულებულია.

3.2.6. იმ შემთხვევებში, როდესაც დომენური სახელის რეგისტრაცია ამა თუ იმ მიზეზით ვერ მოხდა, რეგისტრატორს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაცია მოცემული დომენური სახელის დარეგისტრირების გეგმის შესახებ.

3.2.7. დომენური სახელი რეგისტრირებულად მიიჩნევა რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანის მომენტიდან.

ადმინისტრირების უფლება მოქმედებს დომენური სახელის რეგისტრაციის მომენტიდან რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში.

 

3.3. გათავისუფლებული დომენური სახელების რეგისტრაცია

3.3.1. რეგისტრატორს უფლება აქვს მიიღოს იმ დომენური სახელების რეგისტრაციის განაცხადები, რომლებიც ვადის უპირატესი  გახანგრძლივების პერიოდში იმყოფებიან (გათავისუფლებადი დომენური სახელების რეგისტრაცია).

დომენური სახელის რეგისტრაცია ხორციელდება უპირატესი გახანგრძლივების პერიოდის დასრულების შემდეგ, თუ დომენური სახელის წინა ადმინისტრატორი დომენური სახელის რეგისტრაციას არ გაახანგრძლივებს.  

3.3.2. კოორდინატორი უზრუნველყოფს გათავისუფლებული დომენური სახელის რეგისტრაციის თანაბარ შესაძლებლობებს ყველა რეგისტრატორის მომხმარებლებისთვის, კერძოდ, აქვეყნებს ინფორმაციას დროის შესახებ, რომლის დადგომის შემდეგაც ყოველ რეგისტრატორს ეძლევა გათავისუფლებული დომენური სახელის რეგისტრაციაზე მოთხოვნის გაგზავნის შესაძლებლობა.

3.3.3. რეგისტრატორი ვალდებულია გათავისუფლებული დომენური სახელის რეგისტრაციისთვის განაცხადის მიღებისა და შესრულების ფასებისა და სხვა პირობების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლამდე ნათლად და სრულყოფილად მიიტანოს.

რეგისტრატორის მიერ დაწესებული მოთხოვნები და პროცედურები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ წესებს. კერძოდ, რეგისტრატორს არ აქვს უფლება შეზღუდოს მომხმარებელთა წრე, რომელთაც გათავისუფლებული დომენური სახელების რეგისტრაციის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ან შეუქმნას ინფორმაციის მიღების უპირატესობა ცალკეულ მომხმარებლებს ან მომხმარებელთა კატეგორიას.

3.3.4. ერთსა და იმავე დომენურ სახელზე რამდენიმე განაცხადის არსებობის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს განაცხადი, რომლისთვისაც ამ წესებითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობები ყველაზე ადრე იყო შესრულებული.

3.3.5. ამ განყოფილებაში დადგენილი ნორმები გამოიყენება კოორდინატორის გადაწყვეტილებით stop list დან ამოღებულ აღნიშვნებთან მიმართებაშიც.

3.4. stop list

3.4.1. stop list ს უზრუნველყოფს კოორდინატორი და ის შეიცავს აღნიშვნებს, რომლებიც დომენურ სახელებად რეგისტრაციისთვის არ დაიშვება, რადგან მათში გამოყენებულია  სიტყვები, რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს, ჰუმანიზმისა და მორალის პრინციპებს (კერძოდ, უხამსშინაარსიანი, ანტიჰუმანური ხასიათის მოწოდებების შემცველი, ადამიანური ღირსების ან რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი სიტყვები და სხვ.).

3.4.2. stop list ში აღნიშვნების შეტანა და ამოღება ხდება კოორდინატორის გადაწყვეტილებით.

stop list დან აღნიშვნის ამოღების შემთხვევაში აღნიშვნა ხელმისაწვდომი ხდება დომენურ სახელად რეგისტრაციისთვის იმ დომენური სახელებისთვის დადგენილი წესით, რომელთა რეგისტრაციაც ანულირდება უპირატესი გახანგრძლივების პერიოდის ამოწურვასთან დაკავშირებით.

3.4.3. stop list ში არსებული აღნიშვნების შესახებ ინფორმაციის წვდომა WHOIS სამსახურის მეშვეობით ხორციელდება.

 

  1. დომენური სახელის რეგისტრაციის ვადა და მისი გახანგრძლივება

4.1. დომენური სახელის რეგისტრაციის ვადა არის ერთი წელიწადი.

4.2. ადმინისტრატორს უფლება აქვს დომენური სახელის რეგისტრაციის ვადა შეუზღუდავი რაოდენობის ვადით გაახანგრძლივოს.

დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შედეგად რეგისტრაცია გრძელდება ერთი წლით წინა ვადის დასრულების თარიღიდან.

4.3. რეგისტრატორი ვალდებულია ადმინისტრატორს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნოს შეტყობინება რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე რეგისტრაციის გახანგრძლივების აუცილებლობის თაობაზე.

4.4. რეგისტრაციის გახანგრძლივებისთვის ადმინისტრატორი, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა შეტყობინება, ვალდებულია რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 დღისა რეგისტრატორს შესაბამისი განაცხადი გაუგზავნოს.

4.5. უპირატესი გახანგრძლივების პერიოდის ამოწურვამდე დომენური სახელის რეგისტრაციის გახანგრძლივებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას ინარჩუნებს მიმდინარე ადმინისტრატორი.

უპირატესი გახანგრძლივების პერიოდის ხანგრძლივობა რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 30 დღეა.

რეგისტრატორი ვალდებულია ადმინისტრატორს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნოს შეტყობინება რეგისტრაციის გახანგრძლივების აუცილებლობის შესახებ რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 5-10 და 20-25 დღის გასვლის შემდეგ.

უპირატესი გახანგრძლივების პერიოდი აუცილებლობის შემთხვევაში გრძელდება, თუ დომენურ სახელებზე მოქმედებს შეზღუდვა სასამართლო დავასთან დაკავშირებით;

4.6. რეგისტრატორი განაცხადს შესასრულებლად იღებს ამ წესებითა და ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების პირობით.

4.7. რეგისტრატორი ადმინისტრატორის განაცხადს დომენური სახელის რეგისტრაციის გახანგრძლივებაზე ასრულებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

4.8.  თუ უპირატესი გახანგრძლივების პერიოდის გასვლის შემდეგ დომენური სახელის რეგისტრაცია არ გახანგრძლივდა, ის ანულირდება.

 

  1. დელეგირება

5.1. რეგისტრატორს რეესტრში შეაქვს მონაცემები DNS სერვერების, მისი დელეგირების, ასევე ადმინისტრატორის განაცხადის საფუძველზე დელეგირების შეწყვეტის და სხვა შემთხვევების შესახებ, რომლებიც ამ წესებითაა გათვალისწინებული. დომენის დელეგირება იწყება (წყდება) რეესტრში შეტანილი მონაცემების საფუძველზე.

5.2. დელეგირების განაცხადი სრულდება მხოლოდ იმ პირობით, რომ რეგისტრატორს შემოწმებული აქვს ადმინისტრატორთან კავშირის შესაძლებლობა რეესტრში ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების მეშვეობით.

5.3. დელეგირებული დომენის ქმედუნარიანობისათვის ადმინისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს დელეგირებული დომენის საიმედო ჩართვისა და სადღეღამისო ფუნქციონირების მქონე სულ მცირე ორი DNS სერვერის არსებობა.

5.4.  დომენის დომენური სახელის ადმინისტრატორის განცხადებით დადგენილი დელეგირება წყდება დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის ამოწურვისთანავე.

5.5.რეგისტრატორს უფლება აქვს შეწყვიტოს დომენის დელეგირება ამ წესებით დადგენილი წესით რეესტრში ადმინისტრატორის შესახებ მონაცემების სიმცდარის გამოვლენის შემთხვევაში.

5.6. რეგისტრატორს უფლება აქვს შეწყვიტოს დომენის დელეგირება კოორდინატორის მიერ ინტერნეტის ქსელში დარღვევის განსაზღვრაში კომპეტენტურად მითითებული ორგანიზაციის მოტივირებული მიმართვის კოორდინატორთან შესვლის შემთხვევაში, თუ მიმართვა შეიცავს მონაცემებს, რომ დომენის მეშვეობით გადამისამართებული საინფორმაციო სისტემა გამოიყენება:

1) მესამე პირებისგან (სისტემის მომხმარებლებისგან) კონფიდენციალური მონაცემების მიღებისთვის ამ პირთა შეცდომაში შეყვანის ხარჯზე მის მიკუთვნებულობაში (უტყუარობაში) დომენური სახელების, გაფორმებისა თუ ინფორმაციის შინაარსის მსგავსების საფუძველზე (ფიშინგი);

2) მესამე პირების (მომხმარებლების, სტუმრების) საინფორმაციო სისტემებთან არასანქცირებული წვდომისთვის ან ამ სისტემების ზიანისმომტანი პროგრამებით დავირუსების ან ასეთი პროგრამებით მართვისთვის (ბოტნეტებით მართვა);

3) არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული გამოსახულებების შემცველი მასალების გავრცელებისთვის.

5.7. რეგისტრატორი ვალდებულია დელეგირების შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრატორს ელექტრონული ფოსტით, შეწყვეტის მიზეზის მითითებით.

5.8. რეგისტრატორი არ აგებს პასუხს ადმინისტრატორთან და მესამე პირებთან ამ წესების საფუძველზე დელეგირების შეწყვეტასთან დაკავშირებული ზარალის გამო.

 

  1. ადმინისტრირების უფლების გადაცემა

6.1. დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ადმინისტრატორს უფლება აქვს ადმინისტრირების უფლება გადასცეს სხვა პირს, დომენური სახელის შესახებ მონაცემების მართვის განმახორციელებელი რეგისტრატორისთვის ელექტრონული განაცხადით მიმართვის საფუძველზე.

6.2. პირი, რომელსაც ადამინისტრირების უფლება გადაეცემა, ვალდებულია ამ დომენური სახელის შესახებ მონაცემების მართვის განმახორციელებელ რეგისტრატორთან დაადასტუროს ადმინისტრირების უფლების მიღებაზე თანხმობა.

რეგისტრატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს ადმინისტრატორის განაცხადი განაცხადის მიღების თარიღიდან, პირთან, რომელსაც ადმინისტრირების უფლება გადაეცემა და ამ პირის მიერ ადმინისტრირების უფლების მიღებაზე თანხმობის დადასტურებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

6.3. დომენური სახელის ადმინისტრირების უფლება გადაცემულად მიიჩნევა რეესტრში დომენური სახელის ადმინისტრატორის შესახებ ინფორმაციის შეცვლის მომენტიდან.

6.4. დაუშვებელია დომენური სახელის ადმინისტრირების უფლების გადაცემა თუ ამოწურულია დომენური სახელის რეგისტრაციის ვადა;

 

  1. დომენური სახელების მონაცემთა მხარდაჭერის გადაცემა

7.1. დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ადმინისტრატორს უფლება აქვს დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერა სხვა რეგისტრატორს გადასცეს.

7.2. რეგისტრატორს, რომელიც დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერას ახორციელებს, უფლება არ აქვს მხარდაჭერის სხვა რეგისტრატორისთვის გადაცემისთვის ადმინისტრატორს თანხა გადაახდევინოს.

7.3. რეგისტრატორს, რომელსაც დომენური სახელის შესახებ მონაცემთა მხარდაჭერა გადაეცემა, არ აქვს უარის თქმის უფლება იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც რეესტრში ინახება არაკორექტული ინფორმაცია ადმინისტრატორის შესახებ ან რეგისტრატორი მიიჩნევს, რომ დომენური სახელის რეგისტრაცია ამ წესების დარღვევით განხორციელდა.

7.4. დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერის გადასაცემად:

1)ადმინისტრატორი ხელშეკრულებას დებს ახლადარჩეულ რეგისტრატორთან დომენური სახელის რეგისტრაციის მომსახურების გაწევაზე და მოქმედ რეგისტრატორს დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერის გადაცემის განაცხადით მიმართავს;

2) მოქმედი რეგისტრატორი განაცხადის მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია შეასრულოს დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერის განაცხადში მითითებული რეგისტრატორისთვის მხარდაჭერის გადასაცემად აუცილებელი ყველა ქმედება;

3) რეგისტრატორი, რომელსაც დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერა გადაეცემა, ვალდებულია ადმინისტრატორის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებიდან და რეესტრიდან მოქმედი ადმინისტრატორის მხარდაჭერის გადასაცემად მზადყოფნის ინფორმაციის მიღებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში შესაბამისი ინფორმაცია.

7.5. დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერა გადაცემულად მიიჩნევა რეესტრში ახალი რეგისტრატორის შესახებ ინფორმაციის შეტანის მომენტიდან.

7.6. ადმინისტრატორს არ აქვს უფლება დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერა გადასცეს სხვა რეგისტრატორს:

1) თუ გასულია დომენური სახელის რეგისტრაციის ვადა;

2) დომენურ სახელებთან ქმედებაზე შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში ამ დადგენილების პირობების შესაბამისად.

 

  1. დომენური სახელის  რეგისტრაციის ანულირება

8.1. დომენური სახელის რეგისტრაცია ექვემდებარება ანულირებას:

1) თუ რეგისტრაცია განხორციელდა რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული, ამ წესებით დადგენილი ტექნიკური მოთხოვნების დარღვევით;

2) თუ დომენური სახელის რეგისტრაცია განხორციელდა რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული წესების დარღვევით და დაკავშირებული იყო ადმინისტრატორის არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან;

3) უპირატესი გახანგრძლივების პერიოდის დასრულების შემდეგ;

4) ადმინისტრატორის განაცხადის საფუძველზე;

5) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის საფუძველზე;

6) ადმინისტრატორის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შედეგად რეგისტრატორთან, რომელიც დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერას ახორციელებს;

8.2. დომენური სახელის რეგისტრაციისას ადმინისტრატორის არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო რეგისტრაციის ანულირებისას რეგისტრატორი ადმინისტრატორს მოსალოდნელ ანულირებამდე 10 დღით ადრე აფრთხილებს.

8.3. ადმინისტრატორის წერილობითი განაცხადის საფუძველზე რეგისტრატორი ვალდებულია სამი სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს დომენური სახელის რეგისტრაციის ანულირება.

8.4. დომენური სახელის რეგისტრაციის ანულირების განაცხადის შესრულებამდე რეგისტრატორს უფლება აქვს რეესტრში ადმინისტრატორის შესახებ არსებული მონაცემები გადაამოწმოს და განაცხადის შესრულება შესაბამისად შემოწმების დასრულებამდე შეაჩეროს.

8.5. დომენური სახელის რეგისტრაციის ანულირება არ შეიძლება მოხდეს ადმინისტრატორის განაცხადის საფუძველზე:

1) თუ ამოწურულია დომენური სახელის რეგისტრაციის ვადა;

2) დომენურ სახელებთან ქმედებაზე შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში ამ დადგენილების პირობების შესაბამისად.

 

  1. ინფორმაცია დომენური სახელებისა და მათი გამოყენების შესახებ

9.1. ზოგადი დებულებები

9.1.1. მომხმარებლის (ადმინისტრატორის) მოწოდებული ინფორმაციის მოცულობა, მისი მოწოდების, შენახვისა და დამუშავების პირობები განისაზღვრება ამ წესების მოთხოვნების გათვალისწინებით.

9.1.2. რეგისტრატორს მომხმარებლის (ადმინისტრატორის) მოწოდებული ინფორმაციის ამ წესებითა და ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მიზნით გამოყენების უფლება არ აქვს.

9.1.3. დომენური სახელისა და მისი ადმინისტრატორის შესახებ ინფორმაციას რეგისტრატორი რეესტრს ამ წესებით განსაზღვრული მოცულობით გადასცემს.

9.1.4. რეგისტრატორი ვალდებულია გადასცეს კოორდინატორს ინფორმაცია დომენური სახელისა და მისი ადმინისტრატორის შესახებ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია:

1) რეგისტრაციის სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის რეგისტრატორის მიერ (აკრედიტაციის ჩამორთმევის, გაკოტრების და სხვ.) ფუნქციების შესრულების შეწყვეტის შემთხვევაში;

2) რეესტრში დაცული მონაცემების შესამოწმებლად.

9.1.5. რეგისტრატორს უფლება აქვს გასცეს ინფორმაცია ადმინისტრატორის სრული დასახელების (სახელის) და მისი ადგილმდებარეობის (საცხოვრებელი ადგილის) შესახებ მესამე პირების წერილობითი მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც მიღებული ინფორმაციის მხოლოდ სასამართლო სარჩელის წარდგენის მიზნით გამოყენების ვალდებულებას შეიცავს.

9.2. ინფორმაცია რეესტრში

9.2.1. რეესტრში დაცული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას:

1) დომენური სახელის რეგისტრაციის ფაქტის დადასტურებისთვის;

2) იმ პირების დადგენისთვის, რომლებიც დომენური სახელის ადმინისტრატორები არიან;

3) იმ რეგისტრატორის დადგენისთვის, რომელიც დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერას ახორციელებს;

4) ინტერნეტის ქსელში ადრესაციის უზრუნველსაყოფად;

5) დომენური სახელების შესახებ მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული მოცულობითა და პირობებით წარმოდგენისათვის.

9.2.2. რეგისტრატორი და კოორდინატორი ვალდებულნი არიან რეესტრში დაცული ინფორმაცია არამართლზომიერი წვდომისგან ყველა საორგანიზაციო და ტექნიკურ ზომის მიმართვით დაიცვან.

9.2.3. რეესტრში ინახება:

1) ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის რეგისტრაციის სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია;

2) ადმინისტრატორის იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი ინფორმაცია;

3) საკონტაქტო ინფორმაცია ადმინისტრატორთან კავშირისთვის.

9.2.4. რეესტრში ინახება ადმინისტრატორი-ფიზიკური პირების იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი შემდეგი ინფორმაცია:

1) გვარი, სახელი

2) მისამართი

3) პირადი ნომერი

4) ელექტრონული ფოსტა

5) ტელეფონი

9.2.5. რეესტრში ინახება ადმინისტრატორი-იურიდიული პირების იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი შემდეგი ინფორმაცია:

1) სრული სახელწოდება;

2) მისამართი

3) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ქართული კომპანიებისთვის, ასევე საზღვარგარეთული კომპანიებისთვის, რომლებსაც ს/კ აქვთ); საგადასახადო იდენთიფიკატორი ან იდენთიფიკატორი სავაჭრო რეესტრში (საზღვარგარეთული კომპანიებისთვის, რომლებიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულნი არ არიან საქართველოში).

4) ელექტრონული ფოსტა

5) ტელეფონი

9.2.6. დომენური სახელის ადმინისტრატორის მოთხოვნით რეგისტრატორი, რომელიც ამ დომენური სახელის მხარდაჭერას ახორციელებს, ვალდებულია მიაწოდოს ადმინისტრატორს ამ დომენური სახელის შესახებ რეესტრში დაცული ინფორმაცია.

 

9.3. რეესტრში დაცული ინფორმაციის უტყუარობის შენარჩუნება და კონტროლი

9.3.1. ადმინისტრატორის მოწოდებული და რეესტრში დასაცავი ინფორმაციის წარმოდგენისა და შემოწმების პირობებს ადგენს რეგისტრატორი.

9.3.2. რეესტრში შენახვისთვის განკუთვნილი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში ადმინისტრატორი ვალდებულია დაუყოვებლივ აცნობოს ასეთი ცვლილებების შესახებ რეგისტრატორს საკუთარ პროფაილში მონაცემების შეტანის/განახლების გზით.

9.3.3. რეგისტრატორს უფლება აქვს დომენური სახელის და ადმინისტრატორის შესახებ ადმინისტრატორის მოწოდებული ან რეესტრში დაცული ინფორმაციის შემოწმების მიზნით მოსთხოვოს ამ უკანასკნელს დაზუსტება და/ან დამადასტურებელი დოკუმენტები. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას დადგენილ ვადებში მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე. მოთხოვნა ადმინისტრატორს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.

9.3.4. ადმინისტრატორი ვალდებულია დაზუსტების და დოკუმენტების წარდგენის შესახებ მოთხოვნა შეასრულოს რეგისტრატორის მიერ შესაბამისი მოთხოვნის გაკეთებიდან შვიდი დღის განმავლობაში. ადმინისტრატორის მოტივირებული თხოვნით რეგისტრატორს უფლება აქვს დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისთვის დამატებითი ვადა დააწესოს.

9.3.5. რეგისტრატორს უფლება აქვს მოთხოვნილი ცნობებისა და დოკუმენტების წარმოდგენამდე შეაჩეროს ადმინისტრატორის განაცხადები დომენური სახელის ადმინისტრატორის შეცვლაზე, დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭრის გადაცემაზე, დომენის დელეგირების მართვაზე, დომენური სახელის რეგისტრაციის ანულირებაზე.

9.4. WHOIS სამსახური

9.4.1. WHOIS სამსახური არის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც ამ წესებით დადგენილი მოცულობით უზრუნველყოფს დომენური სახელების შესახებ ინფორმაციასთან საჯარო წვდომას.

9.4.2. WHOIS სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

1) დომენური სახელი (დომენში .გე დომენური სახელებისთვის - დომენური სახელები unycode კოდირებით);

2) მონაცემებს დომენის DNS სერვერების შესახებ;

3) მონაცემებს დომენის დელეგირებასთან დაკავშირებით;

4) ადმინისტრატორის დასახელებასა და ელექტრონული ფოსტის მისამართს;

5) დომენური სახელის რეგისტრაციის თარიღს;

6) რეგისტრაციის ვადის ამოწურვის თარიღს;

7) მითითებას რეგისტრატორის შესახებ, რომელიც დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერას ახორციელებს;

8) მითითებას რეგისტრატორის შესახებ, რომელსაც დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერა გადაეცემა (მხარდაჭერის გადაცემის შესახებ განაცხადის შესრულების პერიოდში).

 

  1. რეგისტრატორის აკრედიტაციის შეჩერება და საქმიანობის შეწყვეტა

10.1. რეესტრის და დომენური სახელების რეგისტრაციის სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის და დომენური სახელების ადმინისტრატორების უფლებათა დაცვის მიზნით კოორდინატორს უფლება აქვს რეგისტრატორის საქმიანობაზე შეზღუდვები დააწესოს.

 

10.2. კოორდინატორის მიერ რეგისტრატორის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაში ამ უკანასკნელს ეკრძალება დომენური სახელების რეგისტრაცია, ასევე სხვა რეგისტრატორებისგან დომენური სახელების მონაცემთა მხარდაჭერის მიღება.

აკრედიტაციის შეჩერების (აღდგენის) თარიღიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კოორდინატორის საიტზე.

10.3. რეგისტრატორის აკრედიტაციის შეჩერების პერიოდში კოორდინატორს ასევე უფლება აქვს აუკრძალოს რეგისტრატორს ნებისმიერი ოპერაციები დომენურ სახელებთან (გარდა დომენური სახელების უკვე არსებული რეგისტრაციის ვადის გაგრძელებისა).

10.4. რეგისტრატორის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კოორდინატორის საიტზე, ასევე კოორდინატორის მიერ იგზავნება დომენური სახელების ადმინისტრატორებთან რეესტრში არსებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.

10.5. დომენური სახელების მონაცემების მხარდაჭერას, რომელსაც აკრედიტაციაშეჩერებული რეგისტრატორი ახორციელდებდა, აკრედიტაციის დასრულების მომენტიდან ახორციელებს კოორდინატორი. ამასთან ერთად, კოორდინატორი არ ასრულებს დომენური სახელების ადმინისტრატორების არანაირ განაცხადს, გარდა დომენური სახელის მონაცემთა მხარდაჭერის გადაცემის ოპერაციისა მომხმარებლის მიერ შერჩეული რეგისტრატორისთვის, მათ შორის დომენური სახელის უპირატესი გახანგრძლივების პერიოდის განმავლობაში.

უპირატესი გახანგრძლივების პერიოდის მიმდინარეობა ჩერდება კოორდინატორის შესაბამისი გადაწყვეტილების მომენტიდან დომენური სახელის მონაცემების მხარდაჭერის გადაცემის პროცედურის დასრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 60 დღისა.

  1. წესების შეცვლა

11.1. ეს წესები შეიძლება შეიცვალოს კოორდინატორის გადაწყვეტილებით.

11.2. კოორდინატორი ვალდებულია რეგისტრატორებს აცნობოს ამ წესებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.  

11.3. დომენებთან დაკავშირებული და ამ წესებით გათვალისწინებული ყველა ოპერაცია უნდა განხორციელდეს წესების მოცემული მომენტისთვის არსებული რედაქციის შესაბამისად.



ტელეფონი: + (995 32) 223-00-10   ელ.ფოსტა:tinatin@itdc.ge